რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება
ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ჭერი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის არის განსაზღვრული, კანონში აღარ იქნება.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენის ფარგლებში კიდევ ერთხელ გადამუშავდა.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165/7 პრიმა მუხლიდან მისი მეორე და მესამე ნაწილები ამოღებული იქნება. ეს არის კანონის ჩანაწერები, რომელიც მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის 16-წლიან ვადას აწესებს და რომლითაც ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადის გამოანგარიშება ხდება.
ჭეიშვილის თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები უწყებებთან, მათ შორის შს სამინისტროსთან და კონსულტაციების შემდეგ, შესაძლოა ახალ წინადადებებზე გაიმართოს მსჯელობა.
ფინანსურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებულ კიდევ ახალ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.
ამასთან, სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად - სასამართლოს განაჩენში მითითების გარეშე.
ფინანსურ დანაშაულებზე გასამართლებული პირის საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლების საფუძველი იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა ან როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"