“ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად” - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
სპეცოპერაციის დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე, დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ.
სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ე.წ. შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია: “ჰეროინი”, „კოკაინი“, “ალფა პვპ”, “ბუპრენორფინი”, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, “კეტამინი”, “მეფედრონი”, “მდმა”, “მარიხუანა” და სხვა.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიზანია, ნარკოტიკების მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული.
აქვე, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.
დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.
რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს