ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს მისი უფლებადამცველი, თამარ გაბოძე რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატმა აღნიშნა, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ.
„ახლა მივდივარ ნინო დათაშვილთან, რამდენიმე წუთში ვიქნები მასთან შეხვედრაზე. ჩემთვის ცნობილი არ არის, დღეს გადაიყვანენ თუ არა, რადგან სასამართლომ 30 დღე განსაზღვრა აღსასრულებლად, დღეს კი, მეხუთე დღეა. ვვარაუდობთ, რომ მას ექსპერტიზაზე დღეს ან ხვალ გადაიყვანენ. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა სააპელაციო სასამართლოსგან ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილებაა მიღებული“, - განაცხადა გაბოძემ.
მისივე განმარტებით, დათაშვილთან შეხვედრაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაცვის სტრატეგიაზე ისაუბრებს.
„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ნინოს ხერხემლის შემოწმებას და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღებას ვითხოვთ. პენიტენციური დაწესებულებიდან მივიღეთ პასუხი, რომ ნინო რიგშია. მისთვის ამ დრომდე ეს საჭირო კვლევა არ ჩაუტარებიათ. პირველ რიგში, ამ საკითხის გარკვევას ვაპირებ და შემდეგი საკითხები, უკვე მის დაცვასთან დაკავშირებული იქნება“, - განაცხადა გაბაძემ.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურამ „სრულიად უსაფუძვლოდ, დათაშვილისთვის სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ თავად დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა. პროკურატურის განცხადების საპასუხოდ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დათაშვილს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, რაც სიმპტომია და არა დიაგნოზი.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები
- “ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით” - ნინო წილოსანი