ამ გვერდის ამობედვა

ნიკას მელიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსს, ნიკა მელიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ედავებიან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმით.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა - პოლიტიკოსი ბრალდებულია, რადგან არ გამოცხადდა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

 

სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, 29 მაისს, მელია თბილისში დააკავეს - მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა. 30 მაისს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკოსმა მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ ინტერესდებოდა მისი დაკავების დეტალებით.

 

„ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, - თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში და მოსამართლეს ბოთლით წყალი შეასხა.

 

ამ მიზეზით სხდომა შეწყდა, მოსამართლე შვანგირაძემ პროცესის განახლების შემდეგ თქვა, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს, პატიმრობით უცვლიდა.

 

მელია ერთ-ერთია იმ ოთხს პოლიტიკოსს შორის, (ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია), რომელსაც პატიმრობა შეეფარდა იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

 

ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა - ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.

წაკითხვა 310 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2025