ამ გვერდის ამობედვა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ანტიკორუფციული მათგანაც ითხოვს დოკუმენტებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათგანაც მოითხოვა გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სასამართლოს ბრძანებით, ბიურო ითხოვს „ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს“.

„მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, რაც ყველაზე მძიმეა, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას“, - წერს ორგანიზაციის დირექტორი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

მისი თქმით, ორგანიზაცია არ აპირებს გაჩერებას და გამოიყენებს ყველა საშუალებას გამოხატვის თავისუფლების დასაცავად:

„ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და გაჩუმებას“.

გუშინ, 18 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას, რომელთა სამუშაო სფეროები და სპეციფიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან:

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - არჩევნების სადამკვირვებლო და ანტიკორუფციულ/დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია. მისი აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური;
  • „საფარი“ - ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ფონდი, რომლის დირექტორია ბაია პატარაია;
  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ - ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელიც ჯორჯ სოროსის ფონდის გლობალურ ქსელში ცვლილებების შემდეგ, 2024 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელია ქეთი ხუციშვილი;
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) - ანალიტიკური-კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს მკვლევრებსა და ყოფილ დიპლომატებს. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად მასპინძლობს თბილისში ცნობილ საერთაშორისო კონფერენციას, „თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“, რომელსაც 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის პირებიც ესწრებოდნენ. EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორია ნინო ევგენიძე;
  • „საქართველოს მომავლის აკადემია“ - 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს; ამჟამად ატარებს ლექციების სერიებს „ფენიქსის ორდენის“ სახელით. აღმასრულებელი დირექტორია მარი კაპანაძე, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კი ალექსანდრე ზიბზიბაძე („ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი).

    ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება, - რაც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან.

    ჩამონათვალი, ვისთან დადებულ ხელშეკრულებებს სთხოვენ, ასეა დაკონკრეტებული:

    • საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
    • სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი;
    • საფინანსო საკრედიტო ინსტიტუტი;
    • უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა უცხოეთში;
    • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
    • აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლიდან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება;
    • ასევე, ასეთ დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

    ბიურო NGO-ებს სთხოვს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციასთან თუ პირთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმავე პერიოდში დადებული ყველა ხელშეკრულების, შეთანხმების თუ მათში ცვლილების ფარგლებში დადებულ სხვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებას.

    არასამთავრობოებს სთხოვენ ასეთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:

    • თანხების გაცემის გრაფიკს;
    • მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;
    • მიღება-ჩაბარების აქტებს;
    • ხელფასის უწყისებს;
    • ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
    • მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
    • დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

    მოსამართლის განჩინება ეყრდნობა სამ კანონს:

    1. კანონი კორუფციის წინააღმდეგ;
    2. პარტიების კანონი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონი);
    3. გრანტების კანონი.

    არ ყოფილა დასახელებული არც „აგენტების კანონი“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და არც „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).

წაკითხვა 228 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2025