“პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს
შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. ამას “პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღსანიშნავია, რომ პროექტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებშია წარდგენილი, რომელიც პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება.
“პოლიციის შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედ კანონში წერია, რომ პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. პროექტის მიხედვით კი, პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნას სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები კი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
პროექტის თანახმად, კანონი 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
“2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იარსებებს. შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, მიღების განსხვავებული წესები დადგინდეს”, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: - რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"