შატილის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოს განაჩენი ცნობილია
შატილის ტრაგედიის საქმეზე, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტურისტული კომპანია traveler.ge-ს ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მიკროავტობუსის მფლობელ გოჩა გოგილაშვილს.
ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა, რადგან, მათთვის მოულოდნელად, შალვა ბოლოთაშვილს ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირდა. თავდაპირველად მასაც და გოჩა გოგილაშვილსაც 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. traveler.ge-ს ხელმძღვანელი სასამართლომ შედარებით მსუბუქი მუხლით გაასამართლა და სამსახურებრივი გულგრილობის ნაწილში ცნო დამნაშავედ.
ადვოკატის განცხადებით, ოჯახი განაჩენის გასაჩივრების მოთხოვნით აპირებს პროკურატურას მიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. 3 დაშავებულიდან 2 მოგვიანებით გარდაიცვალა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე