ცხინვალში „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეა განიხილეს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის წევრმა, ზაზა დრიაევმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა „საქართველოში ეკონომიკური გზის გახსნის“ შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით.
ამასთან, სხდომაზე ე.წ. „დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა დასვა საკითხი რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მრგვალ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზში გაიმართა და რომელზედაც გაჟღერდა ინიციატივა რუსეთსა და საქართველოს შორის ცხინვალის გავლით ტრანზიტის გახსნის შესახებ. კასაევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის“ პეტრე გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა“.
„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და რაც უნდათ შეუძლიათ თქვან და მიიწვევენ თუ არა ვინმეს, ეს მათი საქმეა. მაგრამ ისინი რომ სახელმწიფოების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭირო იყო შესაბამისი რეაგირება და იქ წასვლა“, - განაცხადა გასიევმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი