"სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს" - სუსი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების განმარტებით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
სუს-ის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
"უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნავს სუს-ი.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში