14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
ამავე დადგენილებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14 დეკემბერს.
„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - არავინ.
საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩევნებზე ხმის მიცემით. ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს. არჩევნები პარლამენტში გაიმართება.
პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
სიახლეები
- კარტოფილის ღვეზელი
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩოჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე