ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკოსებისა და პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული.
ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მიაწოდონ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისთვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები – დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკო-ს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.
იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროა კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარება, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენი მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე