,,საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 24 პროცენტით მოიმატა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა"- მარიამ ქვრივიშვილი
2024 წელი საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა მოიმატა და – 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, რაც 24 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 25 პროცენტით მოიმატა რეისების რაოდენობამ, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, 2024 წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 პირდაპირი მიმართულების თაობაზე. შედეგად, შარშან საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ „ავსტრიის ავიახაზები“, „ტრანსავია“, „ეარ ჩაინა“ და სხვა.
„2025 წელს ვიწყებთ მნიშვნელოვანი სიახლეებით – „ბრიტიშ ეარვესი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“ დაიწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან. აღნიშნული გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული ავიაციისა და ტურიზმის სექტორებისთვის,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა აგრძელებს საქართველოს პოპულარიზების თანმიმდევრულ პოლიტიკას, რათა მეტი პირდაპირი ფრენის მეშვეობით, საქართველოში კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოსვლა იყოს უზრუნველყოფილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 4,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 29 პროცენტიანი მატებაა. ასევე 30 პროცენტით გაიზარდა თბილისიდან შესრულებული რეისების რაოდენობა. მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც. ქუთაისში 1,7 მლნ მგზავრზე მეტს, ბათუმში კი 951 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. ორივე აეროპორტში რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი