ამ გვერდის ამობედვა

,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი

 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.

 პაპუაშვილმა „მისასალმებელი“ უწოდა კობახიძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას და დაადასტურა, რომ „საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი“.

„საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, - წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.

მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.

მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა კობახიძემ დღეს დილას, 24 დეკემბერს - წინასაახალწლოდ - გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, - და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, - ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

„იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 105 ჯერ