შემცირდება თუ არა საწვავზე ფასები - ირაკლი ლექვინაძის განმარტება
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია.
ლექვინაძის თქმით, შესაძლოა, ბაზარზე ადგილი ჰქონდეს ფასების დაკლების მიმართულებით კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას. მისივე განცხადებით, მოკვლევა დაწყებულია, საბოლოო გადაწყვეტილება კი თებერვალში გახდება ცნობილი.
„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს აგვისტოში დაასრულა ბაზრის მონიტორინგი საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით. მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 75 ლარის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა აღნიშნულის შეტანა. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. თებერვლის თვეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ამასთან, ლექვინაძის განცხადებით, საწვავზე ფასების კვლავ დაკლების წინაპირობები არსებობს.
„ჩვენ ვამუშავებთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები იყოს მაქსიმალურად გაცემული, ბაზარი იყოს უფრო კონკურენტული, გამჭვირვალე. მარტიდან დღემდე საწვავზე ფასმა ლარზე მეტად იკლო. ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ფასები, რომელიც დღეს მნიშვნელოვნად მოკლებულია და ეროვნული კურსის მყარი ტენდენცია ბოლო პერიოდში. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ბაზარზე იმოქმედა. თუმცა, დღესაც ვთვლით, რომ კიდევ უფრო შესაძლებელია, მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით. დღევანდელი წინაპირობები ჩვენ ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს