რუსეთში გამოქვეყნდა მანიფესტი პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საკონსტიტუციო გადატრიალებასა და ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.
გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა „რუსეთის მოქალაქეთა მანიფესტი“, რომლის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ქვეყნის კონსტიტუციის უკანონოდ გადაწერის სპეცოპერაცია მიზნად ისახავს პუტინის და მისი კორუმპირებული რეჟიმის მიერ ხელისუფლების სამუდამოდ შენარჩუნებას.
მანიფესტის თანახმად, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას პუტინმა რუსეთის ბედი 17 წუთში გადაწყვიტა, საკონსტიტუციო ცვლილებები კი, 5 დღეში მომზადდა.
ოცი უფლებადამცველის, პოლიტოლოგის, ეკონომისტის, აქტივისტისა და მუნიციპალური დეპუტატის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში ნათქვამია, რომ მოქმედი კონსტიტუციის მიმართ არაერთი პრეტენზია არსებობს, თუმცა, რიტორიკული და იურიდიული მანიპულაციით, რეალური საზოგადოებრივი დისკუსიის და რეფერენდუმის გარეშე, იმიტირებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ტექსტში მიზანმიმართულად ჩადეს სერიოზული წინააღმდეგობები, რაც გამოიწვევს საკანონმდებლო ქაოსს და ხელყოფს სახელმწიფო წყობის საფუძვლებს.
ავტორები მანიფესტის ხელმოწერისკენ მოუწოდებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ შეეგუონ პუტინის ხელისუფლების უზურპაციას. მანიფესტის ავტორები მოქალაქეებს მიმართავენ, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ კამპანიაში „არა საკონსტიტუციო გადატრიალებას“.
პრეზიდენტმა პუტინმა 15 იანვარს, ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა, ხუთ დღეში კანონპროექტი დუმას წარედგინა, კიდევ რვა დღის შემდეგ კი, პირველი მოსმენით მიიღეს.
ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადასანაწილებლად ცვლილებები შედის კონსტიტუციის 22 მუხლში. კონსტიტუციით განისაზღვრება პუტინის მიერ აღდგენილი სახელმწიფო საბჭოს სტატუსიც. გარდა ამისა, რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო კანონმდებლობაზე უფრო პრიორიტეტული ხდება. პუტინის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის ამზადებს საფუძველს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს