ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა,- ამის შესახებ Delfi იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ღობის მშენებელ კომპანია Valsts nekustamie īpašumi-ში აცხადებენ, რომ კონსტრუქცია უწყვეტ ბარიერს ქმნის იმ ადგილებში, სადაც ეს ტექნიკური დიზაინით იყო გათვალისწინებული.
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა განაცხადა, რომ საზღვარი ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მისივე თქმით, სტრატეგიული მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის შექმნა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა არვილს აშერადენსმა განაცხადა, სასაზღვრო ღობის დასრულება და ინფრასტრუქტურის განვითარება სასაზღვრო სამსახურის ოპერატიულ შესაძლებლობებს გააძლიერებს.
გამოცემის ცნობით, ღობის მშენებლობის პარალელურად, ლატვია-რუსეთის საზღვრის ძირითად მონაკვეთებზე ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 17,9 მილიონი ევროა, მოიცავს საპატრულო გზების, სადამკვირვებლო კოშკის და სხვა ობიექტების მშენებლობას. მშენებლობის ძირითადი ნაწილის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ნოემბრის ბოლოს ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა გამოაცხადა ლატვიიდან რუსეთში მიმავალი რკინიგზის ხაზების შესაძლო დემონტაჟის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბული სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება და ლიანდაგების დემონტაჟი უსაფრთხოების გაძლიერების ერთ-ერთ გამოსავლად განიხილება.
რიგაში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი კასატკინმა განაცხადა, რომ ლატვიის რკინიგზის ხაზების დემონტაჟის გეგმები ქვეყნისთვის ეკონომიკურ ზარალს და ბიუჯეტისთვის დარტყმას გამოიწვევს.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს