ამ გვერდის ამობედვა

“გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია - მას აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ პუტინს მისი ეშინოდეს” - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტთან და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატოს, რათა შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი და დაასრულოს ომი.

Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა წინასწარ განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიების დაწესებაა და ეს, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დონალდ ტრამპი გაბედულ პოზიციას გამოიჩენს.

 

„სანამ ომს დავასრულებთ, ნამდვილად მინდა, რომ ყველა შეთანხმება მიღწეული იყოს. მინდა, მქონდეს დოკუმენტი, რომელსაც მხარს დაუჭერს აშშ და ყველა ევროპელი პარტნიორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მან ასევე მოუწოდა აშშ-ის ლიდერს, გადადგას „ძლიერი პირადი ნაბიჯები“ პუტინის შესაჩერებლად.

 

„მჯერა, აშშ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. მჯერა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მოგვაწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები დიდი რაოდენობით და აშშ-ს საკმარისი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს შეუძლია საკმარისი სანქციების დაწესება რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად, გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ პუტინს მისი ეშინოდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ევროპამ უკვე წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 18 პაკეტი და ახლა მხოლოდ აშშ-ის მხრიდან სანქციების ძლიერი პაკეტი აკლია.

წაკითხვა 97 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2025

სიახლეები