დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, საწვავის გადამუშავება თითქმის გაენახევრებინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მფლობელობაშია, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აგვისტოს იყო.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, რიაზანის ქარხანაში გაჩერდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი დანადგარი. ერთის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 8 600 ტონაა, ხოლო მეორის - 11 400.
ქარხანაში მუშაობს მხოლოდ ერთი დანადგარი, რომელიც სრული სიმძლავრის დაახლოებით 48%-ს შეადგენს.
4 აგვისტოს სააგენტომ კომენტარისთვის მიმართა კომპანია „როსნეფტს“, თუმცა პასუხი არ მიუღია.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ადრეც არაერთი შეტევა იყო. მათ შორის 2025 წლის 24 თებერვალს. სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, 2 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც და ქალაქ პენზის ელექტრომოწყობილობების ქარხანაზე.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე