კუბამ განაცხადა, რომ დააკავა უკრაინაში საომრად მებრძოლთა დაქირავებაში ეჭვმიტანილები
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებულია 17 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ უკრაინაში საომრად რუსეთის არმიისთვის კუბელების დაქირავებაში.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 7 სექტემბერს ღამით, კუბის შსს-ს პოლკოვნიკმა სესარ როდრიგესმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ 17 დაკავებულს შორისაა ადგილობრივი ორგანიზატორი. როდრიგესმა ეჭვმიტანილების ვინაობა არ დაასახელა, თუმცა, თქვა, რომ კრიმინალური ჯგუფის ლიდერის საყრდენი იყო კუნძულ კუბაზე მცხოვრები 2 პირი.
პროკურორ ხოსე ლუის რეიესის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედება ადამიანებით ვაჭრობა, საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულის სტატუსით მონაწილეობა და სხვა სახელმწიფოს მიმართ მტრული მოქმედება. პროკურორის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის, მათი სიმძიმის მიხედვით, გათვალისწინებულია 30 წლამდე პატიმრობა, სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა.
კუბის მთავრობამ 4 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ნეიტრალიზებულია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი, რომელიც რუსეთიდან მოქმედებს უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეთა გასაგზავნად.
კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის იმიჯის შესალახად მისი მტრები ავრცელებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, თითქოს, კუბა მსგავსი ქმედებების თანამონაწილეა, მაშინ როცა, გაეროს ეგიდით აქტიურ როლს ასრულებს საომრად დაქირავების პრაქტიკის წინააღმდეგ და არ მონაწილეობს უკრაინის ომში.
2023 წლის მაისის ბოლოს, ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერდა, რომ ქალაქ რიაზანიდან უკრაინაში საომრად რუსებთან ერთად გაემგზავრნენ კუბის მოქალაქეები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები გააფორმეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს