"ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა"- შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, განაცხადა, რომ არ ენდობა რუსეთის ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღე-ნახევრიანი ზავის განკარგულება გასცა.
„არის აგრესორი - ესაა კრემლი. არის მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მშვიდობას და უსაფრთხოებას მოგვიტანს. ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების წყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები“, - დაწერა მიშელმა ტვიტერში.
მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. ბაიდენის თქმით, ამ პაუზით პუტინი სულის მოთქმას ცდილობს. ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ თუ პუტინს მართლაც სურს მშვიდობა, ის უკრაინიდან ჯარებს გაიყვანდა. ნედ პრაისის სიტყვებით კი, კრემლის ინიციატივა დროის მოგების ცინიკური მცდელობაა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 იანვარს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტონ შობის დღესასწაულზე, თუმცა კიევი აცხადებს, რომ "დროებითი ზავის" დამყარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ძალებს გაიყვანს უკრაინიდან.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს