თეირანის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა
თეირანის უნივერსიტეტში ირანის უშიშროების ძალებსა და სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა. ირანში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ქალის პატიმრობაში სიკვდილთან.
მაჰსა ამინი 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ზნეობის პოლიციას რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდა დააკავებული თავსაბურავის ზედმეტად თავისუფლად ტარების გამო.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ირანში საპროტესტო მუხტი გაძლიერდა, განსაკუთრებით აქტიურობენ ირანელი ქალები. 2 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს თეირანის შარიფის უნივერსიტეტი, ტრადიციულად განსხვავებული აზრის კერა, რომელიც გარშემორტყმულია ათობით სპეცრაზმელით. ერთ-ერთი ვიდეოს თანახმად, უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს კამპუსიდან სტუდენტების განდევნის მიზნით, ისმოდა შორიდან სროლის ხმაც. ანგარიშის მიხედვით, ათობით სტუდენტი დააკავეს. ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ უნივერსიტეტში შეტაკებები მოხდა და კამპუსში სიტუაციის შესამოწმებლად ადგილზე ქვეყნის მეცნიერების მინისტრი მივიდა.
სტუდენტების საპროტესტო აქციები 2 ოქტომბერს გაიმართა ბევრ უნივერსიტეტში, დემონსტრაციები შედგა რამდენიმე ქალაქში, როგორებიცაა თეირანი, იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მაშჰადი, სადაც, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების თანახმად, აქციების მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგს: "დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის". ირანში ადამიანის უფლებათა ჯგუფის, ნორვეგიაში დაფუძნებული ორგანიზაციის თანახმად, „133 ადამიანი დაიღუპა ირანში“, მათ შორის 40-ზე მეტი - გასულ კვირას მომხდარ შეტაკებებში ზაჰედანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სისთან-ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქში.
1 და 2 ოქტომბერს ირანში საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები შედგა გერმანიაში - ბერლინში - ასევე კანადაში, საფრანგეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს