ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას
ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევის საბაბად, არც მათ ფალსიფიცირებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნებათ იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, – ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის განზრახ ძირის გამოთხრით, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების, ასევე გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
ევროკავშირის განცხადებით, უკრაინა ახორციელებს თავის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რათა დაამყაროს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე. კიევს აქვს უფლება, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.
„კრემლის ბირთვული მუქარები, სამხედრო მობილიზაცია და სტრატეგია, ყალბად წარმოაჩინოს უკრაინული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად და ამტკიცოს, რომ ომი შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, ჩვენს სიმტკიცეს არ შეარყევს. ჩვენ გავამკაცრებთ ჩვენს შემზღუდავ ზომებს რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ რუსეთზე ზეწოლას მისი აგრესიის ომის დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის დახმარების გაგრძელებას ჰპირდება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.
სიახლეები
- აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი