ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს
კრემლში ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ეს უკრაინის ტერიტორიის 15%-ს შეადგენს.
პუტინთან ერთად, ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის სეპარატისტი ლიდერი ევგენი ბალიცკი, ოკუპირებული ხერსონის ოლქის სეპარატისტი ლიდერი ვლადიმირ სალდო.
მანამდე, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.
ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 სექტემბერს განაცხადა, რუსეთი მის მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აღიარებს, მაშინ უკრაინას პუტინთან სალაპარაკო არაფერი ექნება.
„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად ხერსონის რეგიონში, ზაპოროჟიეს რეგიონში, დონბასში, ხარკოვის რეგიონის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყირიმში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს