როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი „გამორჩეული ხედვის“ ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა რეფორმების გზაზე მიიყვანა.
„ეს იყო იშვიათი ლიდერი, რომელსაც ჰქონდა უნარი დაენახა, რომ განსხვავებული მომავალი იყო შესაძლებელი და ჰქონდა გამბედაობა, რომ გაერისკა მთელი თავისი კარიერა მის მისაღწევად. შედეგი იყო უფრო უსაფრთხო სამყარო და მეტი თავისუფლება მილიონობით ადამიანისთვის“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც მან მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის იყო სანდო და პატივცემული ლიდერი.
„მან გადამწყვეტი როლი ითამაშა “ცივი ომის” დასრულებასა და „რკინის ფარდის“ ჩამოგდებაში. მან გზა გახსნა თავისუფალი ევროპისთვის. ეს მემკვიდრეობა არის ის, რასაც ჩვენ არ დავივიწყებთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი გორბაჩოვს უწოდა "მშვიდობის ადამიანი, რომლის არჩევანმა რუსებს გზა გაუხსნა თავისუფლებისაკენ".
”მისმა ერთგულებამ ევროპაში მშვიდობისადმი შეცვალა ჩვენი საერთო ისტორია”, - განაცხადა მაკრონმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეფასებით, გორბაჩოვი იყო "გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა".
„მსოფლიომ დაკარგა ძლიერი გლობალური ლიდერი და მშვიდობის დაუღალავი დამცველი. ღრმად დამწუხრებული ვარ მისი გარდაცვალების გამო“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ის „ყოველთვის აღფრთოვანებული იყო იმ სიმამაცითა და სამართლიანობით, რომელიც მან [მიხეილ გორბაჩოვმა] გამოიჩინა “ცივი ომის” მშვიდობიანი დასრულების მიზნით“.
შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"