,,ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობები''-ხატია ჩხეტიანი
ქუთაისში, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიება ,,აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის'' (EECMD) ოფისში მოეწყო.
შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რა გზა გამოიარა დემოკრატიამ ათენური პოლისებიდან თანამედროვეობამდე; რა ძალისხმევას ხარჯავენ სახელმწიფოები დემოკრატიის მისაღწევად; როგორია დემოკრატიისა და ლიბერალიზმის თანაარსებობა; რა გავლენა იქონია დემოკრატიზაციის მესამე ტალღამ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე; რა უარყოფით როლს ასრულებს რუსული იდეოლოგიური ბარიერები ქართული დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ა.შ.
დისკუსიას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი, ხატია ჩხეტიანი უძღვებოდა. მისი თქმით, დისკუსიის მიზანი საზოგადოებისთვის დემოკრატიის არსის მნიშვნელობის და დემოკრატიული ღირებულებების გაცნობა იყო.
,,დღეს გაეროს წევრი სახელმწიფოები დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ჩვენც ვუერთდებით მათ. გადავწყვიტეთ დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ინფორმაცია დემოკრატიის შესახებ. ვისაუბრებთ რა არის დემოკრატია, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის დემოკრატიის მშენებლობას და შეძლებისდაგვარად, გავაქარწყლებთ მითებს, რომლებიც დემოკრატიას იმიჯს ულახავს. დღევანდელი საზოგადოება ამ ტერმინის არსში გარკვეულ დონეზე ერკვევა, მაგრამ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ საზოგადოების თითოეულ წევრამა გააცნობიეროს მისი ღირებულება. მათ უნდა გააანალიზონ, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობები ჩვენი სახელმწიფოსთვის''- აღნიშნა ჩხეტიანმა.
ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მათი განმარტებით, მსგავსი ტიპის ტრენინგები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ემსახურება.
,,ეს დისკუსია ჩემთვის საინტერესო თემას ეხება, მე მოვისმენ უამრავ ინფორმაციას დემოკრატიის შესახებ და ჩემს თანატოლებს და ჩემზე უფროსებსაც გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას. 2013 წლიდან აქტიურად ვესწრები მსგავსი ტიპის სემინარებს. სწორედ ამ სემინარების და არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა, რომ გავხდი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და ჩამოვყალიბდი სამოქალაქო აქტივისტად,''-აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ, გიორგი აბესაძემ.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი