მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თმის ქიმიური გასწორება საშვილოსნოს კიბოს იწვევს
საშვილოსნოს კიბოების იშვიათი და აგრესიული ტიპის შემთხვევები აშშ-ში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში; ახალი კვლევის მიხედვით, ამის ნაწილობრივი მიზეზი შეიძლება თმის ქიმიური გასწორება იყოს.
აშშ-ის გარემოს ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIEHS) მკვლევრები თითქმის 11 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 33 947 ზრდასრულ ადამიანს, რომლებსაც კვლევაში ჩართვისას საშვილოსნო ჰქონდათ. ამ პერიოდში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 378 შემთხვევა.
მათ, ვისაც კვლევის დაწყებამდე წინა 12 თვეში ოთხზე მეტჯერ ჰქონდათ გამოყენებული თმის ქიმიური გასწორების პროდუქტი, 155-ჯერ მაღალი ჰქონდა მოგვიანებით საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზის შანსი, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს ჰქონდა თმის ქიმიური გასწორების პროდუქტი გამოყენებული.
შედარებისათვის, მათ, ვისაც არასოდეს გამოუყენებია თმის ქიმიური გასწორების პროდუქტი, საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზის დასმის 1,64-პროცენტიანი შანსი უნდა ჰქონოდათ 70-ე დაბადების დღემდე. ეს რიცხვი 4,05 პროცენტამდე იზრდება მათში, ვინც ხშირად ისწორებს თმას ქიმიურად — მაინც მცირე, მაგრამ აშკარად მაღალი რისკი.
ამავე დროს, საშვილოსნოს კიბოსთან დაკავშირებული არ აღმოჩნდა თმის საღებავი.
„ასეთი შედეგები თმის გასწორების პროდუქტებისა და საშვილოსნოს კიბოს შორის კავშირის პირველი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებაა“, — წერენ NIEHS-ის მკვლევრები.
ასეთი შემაშფოთებელი შედეგები მხოლოდ უახლესია ბოლოდროინდელ კვლევათა შორის, რომლებიც ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელ ამ ფართოდ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს ეხება; კერძოდ ინფორმაციულ ქიმიურ ნივთიერებებს ჩვენს სხეულში, რომლებიც ჰორმონებს მათ სამიზნე ორგანოებთან აკავშირებს.
ჭარბი ოდენობით ისეთ ჰორმონებს, როგორებიც არის ესტროგენი და პროგესტერონი, საშვილოსნოს კიბოსთან წარსულშიც აკავშირებდნენ; ამ ბუნებრივ ჰორმონთა მიბაძვა და მათი რეცეპტორების შებოჭვა თმის მრავალ პროდუქტსაც შეუძლია.
2018 წელს, შემოწმებისას, მკვლევრებმა თმის 18 პროდუქტში აღმოაჩინეს ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელი ქიმიური ნივთიერებები. გარდა ამისა, გამოვლენილ ქიმიურ ნივთიერებათა 84 პროცენტი პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი არ იყო; 11 პროდუქტი შეიცავდა ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალული იყო ევროკავშირში ან რეგულირდებოდა კალიფორნიის კანონმდებლობით.
ამჟამად, აშშ-ში ფედერალური რეგულაციები ესტროგენის რეცეპტორზე აქტივობის შემოწმებას მხოლოდ მაშინ მოითხოვს, როდესაც საქმე ეხება პესტიციდებს და სასმელი წყლის დამაბინძურებლებს. თმის პროდუქტები ამ რეგულაციათა მიღმაა და შეიძლება, სერიოზულადაც აზიანებდეს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.
2019 წელს, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ დაფინანსებულმა კვლევამ დაადგინა, რომ თმის საღებავები და ქიმიური გასწორების საშუალებები დაკავშირებულია ძუძუს კიბოს მაღალ რისკთან, განსაკუთრებით შავკანიან ქალებში, რომლებიც ამ საშუალებებს უფრო ხშირად იყენებენ.
2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ თმის საღებავები და ქიმიური გასწორების საშუალებები ასევე დაკავშირებულია საკვერცხის კიბოს მაღალ რისკთან.
ამჯერად, ამ სიას საშვილოსნოს კიბოც დაემატა. ამ ტიპის კიბოზე ჩატარებულმა კვლევამ ვერ გამოავლინა სხვაობა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის, მაგრამ როგორც ავტორები შენიშნავენ, ამის მიზეზი ის არის, რომ შავკანიანი ქალები თმის გასასწორებელ პროდუქტებს ახალგაზრდა ასაკში უფრო მაღალი მაჩვენებლით და მაღალი კონცენტრაციით იყენებენ და შესაბამისად, საშიშროება შეიძლება უფრო დიდი იყოს. ერთი კვლევის მიხედვით, აფროამერიკელ ქალთა 89 პროცენტი იყენებს თმის ქიმიურ მომადუნებლებსა და გასასწორებლებს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ, თმის პროდუქტებში შემავალმა რომელმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ახსნას მათთან დაკავშირებული კანცეროგენური ეფექტები, მაგრამ მთავარი ეჭვმიტანილები არიან პარაბენები, ფთალატები და ფორმალდეჰიდები.
ადამიანის თავის ქალის კანი (სკალპი) ასევე ადვილად შთანთქავს იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება კანის სქელმა ზონებმა ვერ შეიწოვოს; ასევე ვერ შეიწოვოს თმის ნაკლები ფოლიკულების მქონე ზონებმა, მაგალითად, ხელის მტევნებმა ან მუცელმა. ამას გარდა, თმის უთო და ფენით გაშრობა შეიძლება თერმულად შლიდეს თმის ქიმიურ ნივთიერებებს, რაც შეიძლება პოტენციურად უფრო სახიფათო ეფექტებს იწვევდეს.
„ქალებში დავაკვირდით ძლიერ კავშირს თმის გასასწორებლების გამოყენებასა და დაბალ ფიზიკურ აქტივობას შორის“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, იმის გამო, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების შემცირებასთან და ქრონიკულ ანთებათა კლებასთან, მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალები შეიძლება ნაკლებად იყვნენ მოწყვლადნი საშვილოსნოს კიბოს სხვა რისკფაქტორებისადმი. თუმცა, მკვლევრები იქვე შენიშნავენ, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტების გამოყენებასა და საშვილოსნოს კიბოს შორის ურთიერთკავშირის უკეთ დასადგენად.
კვლევა Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
სიახლეები
- კარტოფილის ღვეზელი
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე