ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ატაცში 210 და 215 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.
ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელს, ვარაზდატ ლალაიანს ერგო, მან ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამს მოუყარა თავი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი სომეხი გორ მინასიანი 461 კილოგრამით დაეუფლა.
ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის (სამხტომი) შემდეგ პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო. ლეგენდარულმა ძალოსანმა ოქროს მედალი რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზეც მოიპოვა.
რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, მძიმე წონაში ტალახაძემ ვასილი ალექსეევის, ალექსანდრ კურლოვიჩისა და ჰოსეინ რეზაზადეს შედეგი გააუმჯობესა. მათ ორი ოლიმპიური ოქროს მედალი ჰქონდათ.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ექვსი მედალი აქვს. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურული ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ, 11 აგვისტოს ოქროს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგ საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს მედალი მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს პეკინში ჰქონდა მოპოვებული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი