ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ევროპაში გადაჰყავთ
ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში მისი მეუღლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ცოტნე გამსახურდია პალატაში ე.წ რობოტის დახმარებით გადაადგილდება.
ის მეუღლის სიგამხდრის მიზეზსაც განმარტავს და ამბობს, რომ წონაში კლება ექიმების მიერ შედგენილი რაციონის დამსახურებაა, რადგან პაციენტისთვის ზედმეტი წონა მავნებელია.
ანა ჯაბაურის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანენ.
"მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია - მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა - გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც ის ახლა თქვენგან მიიღებს - საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე.
ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს.
სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა.
ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც"- წერს ანა ჯაბაური.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა