"მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ"
მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, მოვყვე ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად ხდება და გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ. რამდენიმე დღის წინ ჩემი ოჯახის წევრს კურორტზე დამსვენებლების ოჯახი შეხვდა: „როგორ ვნერვიულობთ მიშაზე“, „რა უსამართლობა ხდება მის თავს“, „ძალიან გვიყვარს, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ“. ეს ბოლო ფრაზები, რომ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, ძალიან ბევრჯერ გამიგია და მინდა, გითხრათ, ძალიან ხმამაღლა გითხრათ, ადამიანებო: მე ჩამოვედი აქ, რომ ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია და თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია არა მხოლოდ ჩემს უსამართლო პატიმრობაზე და იმ ზიანზე, რაც მას მოაქვს საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც თქვენ გარშემო, თქვენს თავს, ქვეყნის თავს ხდება.
ჩვენ ვართ ძალიან ბევრი – აბსოლუტური უმრავლესობა. უმცირესობა, რომელიც ბოროტებას და უსამართლობას ჩადის, დგას ამ თქვენს „ხმამაღლა ვერ ვამბობზე“.
მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ. ესეც დასაფასებელია, მაგრამ ჩვენ, ყველას ერთად, აქ, ადგილზე გვყავს გადასარჩენი საქართველო, ჩვენ არ ვართ „ფარჩაკების“ ერი, ჩვენ ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, შინდისის გმირები სულ ახლახან გვყავდა.
ჩვენ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს!
ჩემთვის ასე ყურში ჩაჩურჩულებული „მიშა ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობთის“ გადმოცემა უფრო მტკივნეულია, ვიდრე არაფრის თქმა, თქვით ხმამაღლა და ეს პოსტიც მოიწონეთ. მიყვარხართ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"