საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდონ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, გადაადგილებებზე კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაცემულ დაპირებებს არ ენდონ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურ ქსელებში კერძო პირები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას ჰპირდებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი დაგეგმონ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით.
„საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ . მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სიახლეები
- “ბორელიოზს, ე.წ. ლაიმის დაავადებას მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში ახასიათებს, რომლის გადამტანიც ტკიპაა” – ივანე ჩხაიძე
- როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს
- "ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა" - რა მოხდა სოფელ გიორგიწმინდასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
- “უკრაინისთვის Patriot-ები უკვე გაიგზავნა” - ტრამპი
- 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი