"ვეღარ ვიცავ მცირეწლოვან შვილებს, წნეხის ქვეშ არიან"-მაიორი დვალიშვილი
მაიორი გიორგი დვალიშვილი აცხადებს, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ მის ოჯახს, ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების კვალდაკვალ.
26 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში, დვალიშვილი საგანგებოდ მიმართავს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს.
„მინდა მივმართო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს: დაანებეთ თავი თვალთვალს ჩემს ოჯახზე. თვალთვალი ჩემზე არ არის პრობლემა, მე დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ, ახლაც შევიდე და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, თუ რამე აინტერესებთ. მე ვარ პოლიციელი და ნუ ქმნიან ჩემგან მტრის ხატს...
მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, სამი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ - თვალთვალია მათზე, (თვალთვალი) სადარბაზოში უკვე ძალიან ზედმეტია... ვეღარ ვიცავ ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. მივმართავ კიდევ ერთხელ, შეწყდეს ეს უკანონობა“, - განაცხადა მაიორმა დვალიშვილმა 26 იანვარს, უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე. მასთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე.
„გუშინ შეშინებულმა მომწერა გიორგის მცირეწლოვანმა შვილმა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ის მიმართავს ხელისუფლებას, შეწყდეს უკანონო თვალთვალი და ზეწოლა მაიორ გიორგი დვალიშვილის ოჯახზე.
„თუ რაიმე აქვს სახელმწიფოს სათქმელი, მოვიდეს და აქ გვითხრას. მივმართავ ყველას და მივმართავ პირველ რიგში მართლმსაჯულების ძალიან მახინჯ სისტემას - დაანებეთ გიორგის და გიორგის ოჯახს თავი, დაანებეთ მის მცირეწლოვან შვილებს თავი, ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეთ იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე, უმძიმესი ფაზა ზუსტად თქვენი მახინჯი სისტემის მმართველობისა... ამ უსამართლობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში აუცილებლად მივაწვდით დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და ელჩებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„მთავარი არხის“ მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული, ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ. გიორგი დვალიშვილის თქმით, გათავისუფლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.
დვალიშვილს ეჭვი აქვს, რომ 2019 წელს ის საპოლიციო სისტემიდან სწორედ ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული ამბის გამო გაათავისუფლეს.
თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის