ამ გვერდის ამობედვა

2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა გლობალური ინოვაციების ინდექსის 2025 წლის რეიტინგი, სადაც საქართველო კვლავ დაწინაურდა – შარშანდელი მაჩვენებელი ერთი პოზიციით გააუმჯობესა და 56-ე ადგილი დაიკავა. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII), მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკებს მათი ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ინოვაციების ინდექსი აქამდე მოიცავდა 133 ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა წელს ეს რიცხვი 139-მდე გაიზარდა.

გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) ეფუძნება ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს 2 ქვეინდექსის მიხედვით: პირველი – ინოვაციური დანახარჯები (Innovation Input Sub-Index), რომელიც ქვეყანაში ინოვაციების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას გულისხმობს და მეორე – ინოვაციური პროდუქტები (Innovation Output Sub-Index), რომელიც მოიცავს ინოვაციის ტრანსლაციას გენერირებული ცოდნიდან კონკრეტულ შედეგამდე.

 

ანალიზი ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც აერთიანებს ინსტიტუტებს, ადამიანურ კაპიტალს, კვლევებს, ინფრასტრუქტურას, კრედიტებს, ინვესტიციებს, კავშირებს, ცოდნის შექმნასა და გავრცელებას, ასევე, შემოქმედებით შედეგებს. თითოეული ქვეინდექსი აგებულია ძირითადი კომპონენტების შესაბამისად, შეფასება კი ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 8 თემატური კატეგორიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოს მონაცემები გაუმჯობესდა ორივე ქვეინდექსის შემთხვევაში. განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციები – 28-ე ადგილი (2024 წ. 32-ე ადგილი); ცოდნაზე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები – 66-ე ადგილი (2024 წ. 72-ე ადგილი); ბაზრის დახვეწა – 59-ე ადგილი (2024 წ. 64-ე ადგილი); ინფრასტრუქტურა – 73-ე ადგილი (2024 წ. 74-ე ადგილი); კრეატიული შედეგები – 76-ე ადგილი (2024 წ. 77-ე ადგილი).

 

წლევანდელი რეიტინგის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ საშუალო შემოსავლის ჯგუფის ეკონომიკის მქონე 36 ქვეყანას შორის საქართველო მე-9 ადგილზეა.

 

2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის საქართველოს შედეგები ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ბიზნესგარემო, ადამიანური კაპიტალი, შემოქმედებითი პროდუქტები, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა.

წაკითხვა 70 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2025

სიახლეები