ამ გვერდის ამობედვა

“ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით” - შალვა პაპუაშვილი

„ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა.

 

,,ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახვა მთავარი ტრაგედია – ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს, გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასხლეტის გამომკვრელებად.

 

ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვებავები. ისევე, როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიზმი, მისი იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც, ჩვენში, გარედან ჩანერგილი, თავსმოხვეული იდეოლოგია და პრაქტიკაა. მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ. ზიზღის გავრცელების ქსელში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პარტიული თუ ენჯეო-მედია, „ათასი ბორცვის რადიოს“ მეთოდებით, ფაშისტურ-იდეოლოგიური სპიკერების ტირაჟირებით და ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებითაა დაკავებული. სოციალურ ქსელში დასაქმებული იდეოლოგები, თავის დროზე თავადაც რეკრუტირებულნი, ახლა თავის მიმდევრებს ეძებენ. ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს. ხოლო ზოგიერთი, გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ-ბლანშს აძლევს.

 

ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც წამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს. ჩვენს ისტორიაში არაერთი შუღლი და შიდა დაპირისპირება გადაგვიტანია. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის გამოცდილებაა იმის ცოდნა, რომ ბოროტება არ იკურნება ზიზღით, სიძულვილით, გილიოტინით და მოკვეთით. იკურნება სიკეთით და სიყვარულით. ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო, თავსმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან“, – წერს პაპუაშვილი.

წაკითხვა 99 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 12 2025

სიახლეები