მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ მთავრობის წარმომადგენლები კანონს და აერთიანებს მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის შემფასებელ აგრეგატებს მსოფლიოს 164 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით.
შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62.1% დაიმსახურა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიოში 36 ადგილზე დაწინაურდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.
რაც შეეხება შეფასების ისტორიულ პროგრესს, საქართველო მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად 21-ე საუკუნეში საქართველოს მაჩვენებელი 31 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შედარებისათვის ამავე პერიოდში ევროკავშირში ბიუროკრატიის და კორუფციის შეფასება 2 პროცენტული პუნქტით გაუარესდა, გაუარესებულია აგრეთვე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელიც.
აღსანიშნავია 2012 წლის შემდეგ განცდილი სარეიტინგო წარმატება, რასაც ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული მიმართულებით მიაღწია. ამ პერიოდში საქართველო გლობალურ რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და დღეს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს და ა.შ.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე