ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ
ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ. ამასთან, „დაგვიანებით“ გადასცემენ ამავე ორდენს ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეს (ამჟამად თბილისის მერს) და ყოფილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას.
„ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის [ხვიჩა კვარაცხელია] გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 3 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, „პრეზიდენტი [მიხეილ ყაველაშვილი] მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს კიდევ ორი სპორტსმენი - კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია, - რომელთაც „უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო“.
„მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ“, - განაცხადა მან.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ადამიანს ენიჭება საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ორდენი 2004 წელს შემოიღეს, პირველი ორდენი შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს (უმცროსს), 2005 წლის 10 მაისს გადასცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა