,,ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა"- ვახო სანაია
ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა - ეს არის დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობა,- ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმში განუცხადა, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც სანაია აცხადებს, სასამართლო ბეჭედს იმ გადაწყვეტილებას დაარტყამს, რა ბრძანებაც „რეჟიმისგან მიუვა“.
„სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო უბრალოდ არ არსებობს. მას თავიდან ბოლომდე მართავს ივანიშვილი. სასამართლო ბეჭედს დაარტყამს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რა ბრძანებაც რეჟიმისგან მოუვა. ცალკე აღებული სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, საქართველოში არ არსებობს. ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა დღეს ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა. ეს არის დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობა, ივანიშვილი ამას კარგა ხანია აკეთებს და ახლა ფიქრობს, რომ ეს არის ფინალური ეპიზოდი ამ დიქტატურის ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება უნდა გავაგრძელოთ და წინააღმდეგობა, რაც საზოგადოებაშია, უნდა გაგრძელდეს. ორი გამოსავალი არსებობს - ან ივანიშვილი ინარჩუნებს დიქტატურას და ბოლომდე ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ან იმარჯვებს ხალხი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას დააბრუნებს. ეს ორი გამოსავალია და აქედან არაფრით არ შეიძლება გაიმარჯვოს ივანიშვილის გეგმებმა, აუცილებლად ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“,- განაცხადა ვახო სანაიამ.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლოში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს