ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნია
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს.
მისი თქმით, არხის თანამშრომლები ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სადამდეც შეძლებენ.
„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად და არალეგიტიმური ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ, სასტიკად აწამებენ, ძარცვავენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ და ციხეებში ყრიან, და როდესაც ამ მოვლენების წინა ხაზზე მდგომი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები არიან (რამდენიმე მათგანი შემთხვევით გადაურჩა სამუდამო დასახიჩრებას ან სიკვდილს), აი, ამ დროს „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თვითონაც ჩაერთოს „ქართული ოცნებისგან“ წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს – იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი, პირიქით, ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად.
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“.
ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით – რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად, თორემ სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი კომპეტენცია, არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ თხოვნას, რომ უბრალოდ, შეხვდეს მაინც მათ! და საერთოდ არც კი დადის სამსახურში.
ერთადერთი, რასაც გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით აკეთებს, არის ის, რომ ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. მაგალითად, ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური ძალადობა მიმდინარეობს, მაგრამ ოქუაშვილს და ქურდაძეს ეს არ აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი – როგორც დამფუძნებელი და დირექტორი – პასუხისმგებელნი არიან კომპანიის თანამშრომლებზე.
ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და მისი დირექტორის ქმედებებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება ჩვენთან გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის – ეს კი ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ბიძინა ივანიშვილს.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე