"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს" – საპატრიარქო
“სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.
ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.
ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად”.
,,მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება. გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ”, – აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი, მამუკა თედიაშვილი.
ასევე, პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცველების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასათვის სავალალო შედეგი გამოიღოს”, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
- “ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი” - შალვა პაპუაშვილი
- “დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ - სუს-ი
- “კვლევების გარეშეც რომ შევხედოთ გახარია -„ლელოს“ ტანდემმა ვერ შეძლო კომისიებში 1600 წევრის მოძიება” - შალვა პაპუაშვილი GORBI-ს კვლევაზე
- “ჩარლი კირკის მკვლელობა არის შემზარავი, დასაგმობი ფაქტი, აქედან ჩანს, საით მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს და „ნაცი” აქტივისტების სიცილი ამ მკვლელობაზე აჩვენებს, რომ „ნაცი” არის მკვლელი და „ნაცი” არის ბნელი” - ირაკლი კობახიძე