ხალხმა მტერს აჩვენა, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილნი — პატრიარქი 9 აპრილს იხსენებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე 1989 წლის 9 აპრილს იმედის დღესთან ინტერვიუში იხსენებს.
"ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბ ღუდუშაური. მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი და მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს - არა! ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა", — თქვა პატრიარქმა.
მისივე განცხადებით, მან უარი თქვა მთავრობის სახლში შესვლაზე და დაურეკა ჯუმბერ პატიაშვილს და მოუწოდა თავად ჩამოსულიყვნენ რუსთაველზე.
"ეს გვახასიათებს ჩვენ. საშიშროების წინაშე, ჩვენი ხალხი ერთიანდება და ეს თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს, ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ მტრულად არ ვიყავით განწყობილნი. ჩვენ ვერ წარმოიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად, ხალხზე. და მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებულები – ეს იყო უმძიმესი საყურებელი", — ყვება პატრიარქი ინტერვიუს დროს.
ის ამბობს, რომ ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის.
"ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართველი ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა თქვას ჩემზე უკეთესი.", — ამბობს ილია მეორე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე