„ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ“ - ალეკო ელისაშვილი ცხინვალის რეგიონზე
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ და სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემები თავზე საყრელი გვაქვს, ჩვენგან ორ ნაბიჯში, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს, იცის, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა და საკომუნიკაციო არხი არის როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია. ამის გამო მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, არის შეწყვეტილი. ცხინვალში უკვე დგას სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კატასტროფა შესაძლოა, დღე-დღეზე მოხდეს. ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან მძიმე დღეშია. საუბარია მათ შორის ბავშვებზე და მძიმე ავადმყოფებზე.
მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს” – ვოლსკი
- დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
- “სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია – იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით” - ვაჟა სირაძე
- ქათმის ხორცის ბურთები
- საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს