"ნაცმოძრაობა" შეეცადა შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ"
ქუთაისის მერობის კანდიდატთან იოსებ ხახალეიშვილთან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტების “DRIVE DEMOCRACY” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამისა და გარემოს შესახებ იმსჯელეს. მერობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა გააცნო შეხვედრაში მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ქუთაისს დღემდე არ ჰქონია. მისი თქმით, გენერალურ გეგმაში 4 მიმართულებაა: დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული ცეტრი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ეკოქალაქი, ევროპის კარიბჭე.
მერობის კანდიდატმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, დიდი ყურადღება მიექცევა ქალქის ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნას შშმ პირებისთვის, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვას.
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების დამკვიდრების ნაწილში იოსებ ხახალეიშვილმა არაკორექტული კამპანიის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის სადისკრედიტაციოდ დაიწყო. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დასაცავად.
„გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და ყველაფრის კადრების მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ნაძირალა ადამიანების პრინციპია, როცა მიზნად ისახავენ, ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება თვითონ ებრვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ. თემაც შემთხვევითი არ არის - პიარის ზირითადი პრინციპით არის გათვლილი: ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან დღემდე მიცნობს და მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების გასანეიტრალებლად შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც მათი აზრით, ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა და გამინადგურებდა. თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ მათ მდაბიურ ცილისწამებაზე. მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით, ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს მისხალი უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი