ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მიმდინარე პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სრულიად განახლებული, ცენტრალური ქუჩის მოწყობას ითვალისწინებს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების გათვალისწინებით. აღნიშნულ ქუჩაზე დაიგება საავტომობილო გზის მონაკვეთი, დამონტაჟდება გარე განათებები, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, მოწესრიგდება რკინიგზის მიმდებარედ არსებული კედლის ფასადი.
აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი მაისის თვეში დასრულდება, რაც გათვალისწინებულია სატენდერო ვალდებულებით.
აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი დროებით შეჩერებული იყო. სამუშაოების მიმდინარეობისას ტექნიკური ხარვეზი წარმოიქმნა, რამაც სამუშაოების გაგრძელებას შეუშალა ხელი. კერძოდ, ერთ - ერთ მონაკვეთზე, მიწისქვეშა გრუნტის წყალი ამოვიდა, ასევე გაჭედილი იყო რკინიგზის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემა, რომელიც არ ატარებდა წყალს. უახლოეს დღეებში მოხდება მისი გაწმენდა სპეციალური ტექნიკით და ასევე მოეწყობა ახალი საკანალიზაციო ქსელი. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტში ცვლილებები შევიდა, და ამ მიმართულებით დამატებითი სამუშაოები 22 იანვრიდან გაგრძელდება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულიად განახლდება ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის ინფრასტრუქტურა, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება ქალაქისთვის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი