პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტს დააჯილდოებენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში გაემგზავრება და კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრება, რომელზეც გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.
აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. პროექტი 2014-2018 საქართველოს მთავრობისა და „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე ცნობილი გახდება შვიდი გრანპრის ლაურეატი და ნომინაციის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად კანდიდატურებისთვის ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, პროექტის თანადამფინანსებელი „ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მელივა, პროექტის „ქართული სახლი“ ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანიის „არქიტექსი“ წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.
საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია პარიზში გუშინ გაიმართა.
ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები მიმდინარე წლის 21 მაისს გამოავლინა. კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს