ამოქმედდა კლინიკების დაფინანსების ახალი წესი, რომლითაც ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ DRG-სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რომელსაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-იდან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს.
ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს